შსს-ს პრესსამსახური უწყების ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ადამიანი, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია.
ინგა გრიგოლიამ რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე დაწერა, რომ უცნობი მამაკაცი მას ემუქრება და შსს-ს მიმართავს, რომ დაიცვან. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ პოლიციელებს მან წარსულშიც მიმართა, თუმცა, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და უკვე წლებია, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ცხოვრობს.
ინგა გრიგოლიას წერილიდან ირკვევა, რომ ეს ადამიანი მას პირველად 2011 წელს, ციხიდან დაუკავშირდა, 2013 წლის ამნისტიის შედეგად კი საპატიმრო დატოვა და შევიწროება და მუქარა განაგრძო. „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება მუქარის ფაქტზე არის დაწყებული (სსკ-ს 151-ე მუხლით).