„პატრიარქის სტიქაროსანი პირველი კლასიდან, დაახლოებით, მერვე კლასამდე ვიყავი“, - ამის შესახებ მსახიობმა გიორგი მახარაძემ ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მთელი ბავშვობა სიონში გავატარე. იმდენი წელი ვიყავი მის გვერდით, რომ მესმოდა პატრიარქთან შესვლაზე რა ხდებოდა, მიკვირდა, რადგან ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. პატრიარქის შემოსვის ბედნიერება ყველას არ აქვს. ერთხელ ორი ღილი მეც შემაკვრევინეს, ძალიან დიდი ბედნიერება იყო. სტიქაროსნები „ტერმინატორას“ მეძახდნენ. როგორც ყველგან, ეკლესიაშიც ვერ ვისვენებდი. კალათბურთზე ახალი შესული ვიყავი და სულ დავხტოდი, მათ შორის საკურთხეველშიც. დამიჭერდა სტიქაროსნების უფროსი, ხან ყურს ამიწევდა, ხან მიჩქმეტდა, მაგრამ რეაქცია არაფერზე მქონდა. ამიტომ შემარქვეს ეს სახელი და მთელი სტიქაროსნობის პერიოდი „ტერმინატორა“ ვიყავი. ჩემს დროს რომ სტიქაროსნები იყვნენ, ბევრი მათგანი ახლა მამაოა.
მე ჩემი პირადი ურთიერთობა მაქვს ღმერთთან. მარტოც რაღაცეები მილაპარაკია მასთან და თაბორის მონასტერშიც ხშირად ავდიოდი მამა ბართლომესთან. მან ძალიან გამაძლიერა. მე ჩემთვის ცალკე პირობები მაქვს მიცემული უფლისთვის, რაც არავინ იცის“, - განაცხადა გიორგი მახარაძემ.