თემირლან მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონზე ექსპერტიზის ჩატარებას ამერიკული მხარე უზრუნველყოფს. ამის შესახებ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კუბლაშვილის თქმით, ეს არის ამერიკის ოფიციალური უწყების ოფიციალური თანამშრომლობისა და ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზა.
„2018 წლის 15 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში მოხდა მოთხოვნის გადაგზავნა. ჩვენს ქვეყანასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მოქმედებს. სწორედ ისინი, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი უწევს ამდაგვარ საკითხებზე დახმარებას ქართულ უწყებებს. უშუალოდ რომელმა ექსპერტმა ჩაატარა ექსპერტიზა, ეს მე ვერ ვნახე. ეს არის მათი დახმარება, მაგრამ მათ ვის გადაუგზავნეს და შემდგომ ვინ ჩაატარა ექსპერტიზა ამას მე ვერ გავეცანი, ფაქტობრივად ვერც მოვასწარი. მე ის ორგანიზაცია უნდა მოვიძიო და გავეცნო, მის ავთენტურობაზე ვერაფერს ვიტყვი“, - აღნიშნა ადვოკატმა.
კუბლაშვილი აპირებს, რომ აღნიშნული საკითხი უფრო საფუძვლიანად შეისწავლოს. მისი თქმით, ის დეპარტამენტს ენდობა.
„მოთხოვნა მიმართულია ჩვენი სახელმწიფო უწყების მიერ და სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს მიღებული, მე იმ დეპარტამენტს ვენდობი, მაგრამ შემდგომ სად გადაიგზავნა და რომელ უწყებაში, ეს მაინტერესებს. მე ვუცხადებ თუ არა ეჭვს, ამაზე არაა აქ საუბარი, მე მაინტერესებს ვიცოდე როგორ ჩატარდა, რა კითხვები იქნა დასმული ა.შ. ეს საკითხი უფრო დეტალურად მინდა შევისწავლო“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა პროკურატურის დატოვების შემდეგ.
ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს დღეს, მთავარ პროკურატურაში მისი დაცვის ქვეშმყოფის საქმის მასალები გააცნეს. თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონზე ჩატარებულია ექსპერტიზა, გაშიფრულია შემავალი და გამავალი ზარები, ჯამში 15 000 ფაილი.
აღსანიშნავია, რომ მაჩალიკაშვილების ადვოკატმა დღეს პროკურატურის დატოვების შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ, “ფეისბუქის” პირად გვერდზე გაზიარებულ “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდის შემცველი ვიდეომასალის ავთენტურობა დაადასტურა. მარიამ კუბლაშვილის თქმით, ეს თემირლანის მხრიდან, პანკისის ხეობიდან სირიაში წასული და გარდაცვლილი ადამიანების მიმართ სამძიმრის გამოხატულება იყო.
„ისინი რომ ცოცხლები და პანკისის ხეობისთვის უცნობი პირები ყოფილიყვნენ, მაგ შემთხვევაში კიდე სხვა კითხვები გაჩნდებოდა. მაგრამ თემირლანს ძირითადად იმ მოტივით აქვს გაზიარებული აღნიშნული ვიდეო, რომ იქ პანკისიდან წასული და შემდგომ გარდაცვლილი პირები ფიგურირებენ. დედამისმაც მითხრა, რომ ამ გარდაცვლილი ადამიანების ფოტოებს და ვიდეოებს მთელი ახალგაზრდობა იზიარებდა. ეს კი იმით აიხსნება, რომ ახალგაზრდები წუხან სირიაში უმოწყალოდ ბავშვების და ქალების მოკვლის ფაქტებზე და ფიქრობენ, რომ აქედან ადამიანები მათ დასახმარებლად მიდიან. ის, რომ თემირლანს გააზრებული ჰქონდა რომელი ორგანიზაციის წევრები იყვნენ ისინი, მე ამაზე არანაირი მტკიცებულება არ მაქვს”, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.