logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიამ უკვე 70-მდე პირი გამოკითხა
- +

28 ივლისი. 2018. 17:03

 

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით საქმეზე გამოკითხულია 70-მდე პირი.

 

„ჩვენ დღესაც გამოვკითხეთ არასრულწლოვანი მოწმეები. დღეს გამოკითხული პირები არ ფიქსირდებიან უშუალოდ ინციდენტის მოხდენის დროს. ჩვენ დღეის მდგომარეობით 70-მდე პირი გვყავს გამოკითხული, დაწყებული შსს-ს წარმომადგენლებით, გაგრძელებული პროკურატურით და მოწმეებით დასრულებული. რაც შეეხება ინფორმაციას, რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია არ გვიფიქსირდება, გარდა იმ მონაცემისა და გარემოებისა, რომელიც ჩვენ რამდენიმეკვირიანი გამოკითხვის შედეგად მივიღეთ. ჩვენ მომდევნო კვირას კიდევ გავაგრძელებთ გამოკითხვებს.

 

მომდევნო კვირას ვგეგმავთ უკვე მსჯავრდებული პირების გამოკითხვას და ასევე, მომავალ კვირას დაგეგმილია შს მინისტრის, ყოფილი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის გამოკითხვა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, რა რეაგირება ჰქონდა შსს-ს საგამოძიებო კომისიის მიერ ახალი გარემოებების გამოკვეთის შემდეგ, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ შსს ასევე მუშაობს გარკვეულ ვერსიებზე და ჯერჯერობით არ იცის, ემთხვევა თუ არა ეს ვერსიები ერთმანეთს.

 

„ვიცით, რომ ძალიან დეტალურად და ინტენსიურად მუშაობენ სხვადასხვა ვერსიებზე, რას გამოკვეთენ ეს უკვე მათი კომპეტენციაა. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ შსს-ში შეხვდნენ ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს და მათაც მიაწოდეს ინფორმაცია. ჯერ არ გვაქვს შსს-გან მიღებული ის მასალები, რაც ახალი გარემოებების გამოკვეთის შედეგად დაამუშავეს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner