ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტები, შესაძლოა, მუსლიმური მეამბოხეების მოძრაობა „სელეკას“ წევრებმა მოკლეს.
ადგილობრივი რადიოს გავრცელებული ინფორმაციით, სამი რუსი, რომლებსაც თან ჟურნალისტური მოწმობები ჰქონდათ, ქალაქ სიბიუს მახლობლად 30 ივლისს მოკლეს. მათი ცხედრები გაერო-ს თანამშრომლებმა 31 ივლისს აღმოაჩინეს. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამ მკვლელობის უკან „სელეკას“ მეამბოხეები დგანან.
„ტასს“-ს რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ბენედიქტოვმა განუცხადა, რომ მოკლულია ჟურნალისტი ორჰან ჯემალი, რომელთან ერთადაც იყვნენ ოპერატორი კირილ რადჩენკო და რეჟისორი ალექსანდრე რასტარგუევი.
ბენედიქტოვის ცნობით, ორჰან ჯემალი დოკუმენტური კინოს გადაღებით იყო დაკავებული. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სავარაუდოდ, რუსეთის სამი მოქალაქე მოკლეს, რომლებსაც თან ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობები ჰქონდათ. გარდაცვლილები ქალაქ სიბიუდან 23 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ ისინი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს.