logo_geo
eng_logo
როგორ მიაგნო ნაგაზმა „ზორომ“ ირანის შაჰის ნაჩუქარ ხალათს
- +

24 აგვისტო. 2018. 20:27

 

 

გენერალი რომან გვენცაძე იხსენებდა: „ჩემს სამუშაო ადგილს შეგნებულად არ ვასახელებ. ერთი სიტყვით, ახალგაზრდა მილიციელი ვარ და ერთ-ერთი რაიონის განყოფილებაში ვმუშაობ. დილაა. მთელი ღამის ნამორიგევი ვარ და ერთმა ძალიან ცნობილმა ადამიანმა დაგვირეკა და გვითხრა:

 

– ახლა ჩამოვფრინდი მოსკოვიდან. სახლში მივედი და ბინა გაქურდული დამხვდა. არაფერზე ვდარდობ, იქნებ ირანის შაჰის ნაჩუქარი ხალათი დამიბრუნოთო.

 

მილიციის უფროსი ადგილზე არ იყო და ეს ინფორმაცია მის მოადგილეს შევატყობინე. მან სასწრაფოდ შეკრიბა ოპერჯგუფი და ის-ის იყო გადიოდნენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, კეთილაძე მოვიდა განყოფილებაში და თქვა:

 

– შევარდნაძემ (მაშინ ცეკას პირველი მდივანი) დამირეკა და პირად კონტროლზე ამაყვანინა ეს საქმე. სადაა მილიციის უფროსიო.

 

ვუთხარით, რომ უფროსი ჯერ არ მოსულა. კეთილაძემ თავი გააქნია და რადგან ეს მას პირადად შევარდნაძემ დაავალა, ოპერჯგუფთან ერთად გაემართა შემთხვევის ადგილზე. ჩვენს ბიჭებს თან ნაგაზი ჰყავდათ, მეტსახელად „ზორო“, რომელიც შეუცდომლად იღებდა კვალს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, „ზოროს“ კვალი უმალვე აუღია და სწრაფად მიჰყოლია მას. ორასიოდე მეტრში, ერთ კერძო სახლში შევარდნილა და შაჰის ნაჩუქარი, ტრუსიკისამარა, ოქროს ძაფებით მოქარგულ ხალათში გამოწყობილი ჩვენი მილიციის უფროსი გამოუთრევია. კეთილაძეს, თურმე, ენა მუცელში ჩაუვარდა. საქმე კი ის იყო, რომ ჩვენი უფროსი დილით სამსახურის ნაცვლად თავის საყვარელთან წასულა...

 

 იმ ქალის არასრულწლოვან ვაჟს ღამით იმ ცნობილი ადამიანის სახლი გაუქურდავს, ნივთები სახლში მიუტანია და... ჩვენი უფროსიც ამიტომ იყო გამოწყობილი შაჰის ხალათში. მილიციის უფროსი მინისტრმა სამსახურიდან იმავე დღეს დაითხოვა. ხალათი კი – პატრონს დაუბრუნდა...“

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner