სასამართლომ ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
-
+
27 აგვისტო. 2018. 11:01
„ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული დ.ჭ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, მ.მ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალი ედებოდა დ.ჭ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში, დაზარალებულმა დ.ჭ.-მ დაკითხვისას, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და ბრალდებულ მ.მ.-სთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ცრუ ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ 2017 წლის 26 იანვარს მ.მ.-ს მისთვის დანა არ დაურტყამს და დაზიანება მან ბოძიდან ჩამოვარდნის შედეგად მიიღო.
სამართალდამცველებმა დ.ჭ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2017 წლის 25 დეკემბერს ქ. ზუგდიდში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დ.ჭ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.