ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
-
+
27 აგვისტო. 2018. 17:13
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ორ მოქალაქეს შ.მ.-ს, და შ.ო.-ს, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ შ.მ.-მ 129,30 გრ. „ჰეროინი“ და 0,116 გრ. „მორფინი“, ხოლო შ.ო.-მ 98,89 გრ. ჰეროინი“, რასაც შენიღბული სახით ინახავდნენ თავიანთ სხეულში.
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე, რომელიც 2018 წლის 25 აგვისტოს შემოვიდა საქართველოში, სადახლოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან, იმავე დღეს დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2018 წლის 26 აგვისტოს შ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა), ხოლო შ.ო.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) წარედგინა;
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.