8 წლის დაგვიანებით იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებმა პალესტინელებმა 10 ტონაზე მეტი წერილები და ამანათები მიიღეს. მათ შორისაა სხვადასხვა ჰუმანიტარული ტვირთიც, მაგალითად საყოფაცხოვრებო ნივთები და ეტლები შშმ პირებისთვის. ამის შესახებ CBS News-ი წერს.
„თითქოს ბოთლში ჩადებული ძველი წერილი მივიღეთ“, - ამბობენ გზავნილების ადრესატები.
ცოტა ხნის წინ ისრაელის ხელისუფლებამ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაყოვნებული წერილების შეტანის ნებართვა გასცა. საფოსტო განყოფილების თანამშრომლები ამანათებსა და წერილებით სავსე ტომრებს რამდენიმე დღე ახარისხებდნენ.
პალესტინის ხელისუფლების ინფორმაციით, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე საფოსტო გზავნილების შეტანა 2010 წლიდან იყო შეჩერებული. ამ პერიოდის განმავლობაში 10.5 ტონა წერილი და ამანათი დაგროვდა.
ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლის განმარტებით, საფოსტო გზავნილების ჩატანა ერთჯერადი ჟესტია და დასავლეთ სანაპიროზე საერთაშორისო გზავნილების პირდაპირ მიწოდება განიხილება.
ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი უკვე წლებია მიმდინარეობს და ის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი დაპირისპირებაა. კონფლიქტს, რომლის მთავარი მიზეზი საზღვრების გაფართოებასა და იერუსალიმის მართვას უკავშირდებოდა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.