საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, შეთქმულების თეორიები, რომელზეც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით იყო საუბარი, გამოძიების შედეგად არ დადგინდა.
რაც შეეხება გამოძიებით დაინტერესებულ პირებს, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ჰიპოთეტურად, შესაძლოა, დაინტერესებული პირები არსებობდნენ, თუმცა მათი კავშირი გამოძიებასთან ისეთი, რომ საქმის ვითარება შეცვლილიყო, არ დადგენილა.
„გრაფიკიც კი არ არის შედგენილი ისე, რომ ჩვენ კომისიის სხდომებზე დასწრების საშუალება მოგვეცეს. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ტყუიან და ამაზე აპირებენ ქულების დაწერას. მათ მიერ ნაწილ-ნაწილ წარმოდგენილ და პერიოდულად განახლებად დასკვნაში არ არის მიზან-შედეგობრივი კავშირი. მათ აქვთ აღწერითი ფორმები, რაც ხშირ შემთხვევაში არის ბელეტრისტიკა და მეორე შემთხვევაში, რეკომენდაციები არის თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დამყარებული. ჩვენი შეხედულებით უნდა შევაფასოთ ის ინფორმაცია, რაც მივიღეთ, აქედან უნდა გამომდინარეობდეს დასკვნები. ასეთია ჩვენი დასკვნის პროექტი, რომელიც არის ობიექტური, სამართლიანი და თავისუფალი პოლიტიკური პროცესებისგან“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, კოლეგიალურად უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ პროექტი ჯერ კოლეგებს გააცნოს და შემდეგ საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი.
ცქიტიშვილი დასკვნის დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს, თუმცა განმარტავს, რომ „შეთქმულების თეორიები, რომელზეც იყო საუბარი, გამოძიების შედეგად არ დადგინდა“.
„ჩვენს დასკვნაში საუბარია, რომ პროცედურულად გარკვეული საგამოძიებო პროცესები შესაძლოა არ იყო სწორად წარმართული და ამან დაასუსტა პროკურატურის არაერთი პოზიცია“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
კითხვაზე, იყო თუ არა გამოძიება მიკერძოებული, დიმიტრი ცქიტიშვილი პასუხობს, რომ „არა, ცალსახად არ იყო“.
„იყო ხარვეზები და დარღვევები, თუმცა მიკერძოება არ ყოფილა. ხარვეზი ბევრია, თუმცა მათ საქმეზე ზეგავლენა არ მოუხდენია. არ გამოკვეთილა, რომ ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებდა, ამის არანაირი მტკიცებულება ჩვენ არ გვინახავს. მირზა სუბელიანი შეიძლება დაინტერესებული იყო რაღაცით, მაგრამ საქმეზე მისი გავლენა არ იკვეთება. ის ბრალდებულია რამდენიმე მუხლით“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
კითხვაზე, რატომ არ არის დავით სარალიძის მკვლელი დაკავებული, ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გამოძიების ვერსიით, მკვლელი დაკავებულია, თუმცა სასამართლომ მტკიცებულებები საკმარისად არ მიიჩნია.
„კომისიამ ამ კუთხით ახალი ვერაფერი გამოიძია“, - აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. „ევროპულმა საქართველომ“ ხორავას საქმეზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დასკვნის საკუთარი პროექტი წარადგინა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ თავისი დასკვნა დაწერა, რომელსაც დღეს ან ხვალ წარადგენს.