-
+
5 სექტემბერი. 2018. 11:22
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანას ცდილობდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 1 024 გრამი ოქროს ნაწარმი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 57 000 ლარს აღემატება.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.