თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.
„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 8 თებერვალს, ქ.თბილისში ლ.კ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით გ.ა-ს გულმკერდის არეში დანით ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ.ა-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცავებმა ლ.კ. 2018 წლის 10 თებერვალს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.