განზრახ მკვლელობაში და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
+
5 სექტემბერი. 2018. 19:03
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ლ.შ. დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ლ.შ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ვ.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ.თ. მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ლ.შ. ვ.თ.-ს სიდედრს - ლ.ვ.-ს სიცოცხლის მოსპობით რამოდენიმეჯერ დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ლ.შ. 2018 წლის 27 ივნისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ვაკეში დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლომ ლ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.