-
+
6 სექტემბერი. 2018. 17:31
„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ი.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.ბათუმში, ი.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ.ვ.-ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სამართალდამცველებმა ი.მ. 2018 წლის 23 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 6 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.