„ცენტრ პოინტი“ „M2“-სთვის საკუთარი აქტივების გადაცემას იწყებს. ამის შესახებ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარე გუკა რჩეულიშვილმა განაცხადა.
რჩეულიშვილის თქმით, 10 დღეში „M2“ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს, ამის პარალელურად კი მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება და ისინი საპატიმროს დატოვებენ.
„ორ კვირაში „M2“ დაიწყებს სამუშაოებს რამდენიმე ობიექტზე. ამ სამუშაოების წარმოებისთვის „ცენტრ პოინტი“ M2-ს თავისუფალ აქტივს გადასცემს. მარტივად რომ ვთქვათ, „ცენტრ პოინტი“ ქირაობს M2-ს სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად, თუმცა თანხის ნაცვლად მისცემს თავისუფალ ობიექტებს. პირველ ასეთ აქტივს ორ კვირაში გადავცემთ“, - განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 31 მარტს მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავებოდა.