ავთო კენჭაძემ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში თურქი დიმიტრასი დაამარცხა და ოქროსთვის ხვალ იჭიდავებს.
ქართველმა ფალავანმა პირველი პერიოდი მინიმალური ანგარიშით 1:0 წააგო. მეორე ნახევარში უკვე კენჭაძე გააქტიურდა და ორი ქულა სტარტზევე მოიპოვა.
ბრძოლის დასრულებამდე წუთით ადრე ქართველმა დიმიტრასი კონტრ ილეთზე დაიჭირა და 4:1 დაწინაურდა. ევროპის მოქმედ ჩემპიონს ცოტა დრო ჰქონდა, გარისკა და კენჭაძეს შეუტია, თუმცა ქართველი მეტოქეს მომზადებული დახვდა და თურქი სუფთად, შესანიშნავი ილეთით დაამარცხა.
ფინალში ავთო კენჭაძე რუს ზაურბეგ სიდაკოვს დაუპირისპირდება.
კენჭაძემ ნახევარფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა. პირველ დაპირისპირებაში მან აზიის ჩემპიონი ბეკზოდ აბდურახმანოვი დაამარცხა, მერვედფინალში ანდრეი სოკალსკს სუფთად მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ აბუბაკაროვს აჯობა.