-
+
25 ოქტომბერი. 2018. 18:07
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძარცვაში ბრალდებული კ.ჭ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კ.ჭ. 2018 წლის 2 მაისს, ქ. ზუგდიდში, „ოქროს სავაჭრო ბირჟიდან“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ს.ჩ-ს კუთვნილ ოქროს სამკაულებს, რის შედეგადაც ს.ჩ.-ს მიადგა 45 399 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
სამართალდამცველებმა კ.ჭ. 2018 წლის 5 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული კ.ჭ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.