ანდრია გველესიანი უკვე ორი წელია ახმეტელის თეატრის დასის წევრია. ცოტა ხნის წინ პრემიერა ითამაშა, ვაჟას „სტუმარ-მასპინძელში" ზვიადაურის როლი მოირგო.
მის ცხოვრებაში იყო სპორტიც (ცურვა, ფეხბურთი), სიმღერაც, ახლა უკვე ცეკვაც. ანდრია გველესიანისა და სალომე ჭაჭუას წყვილი ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები".
„დედაჩემი თეა დემურიშვილი მეცოსოპრანოა, წლების განმავლობაში უცხოეთში მოღვაწეობდა. მამა, დათო გველესიანი, ანსამბლ „რუსთავის" სოლისტი გახლავთ. ისიც სულ გასტროლებზე დადიოდა. მე ბებია მზრდიდა.
გარკვეული პერიოდი დედასთან მადრიდში მომიწია წასვლა საცხოვრებლად. 2 წელი გავატარე იქ. ვთამაშობდი ფეხბურთს და მთლიანად გადართული ვიყავი ამ სპორტზე. პარალელურად კოლეჯში ვსწავლობდი. იქ თეატრალურ გაკვეთილებზე მოვხვდი. მალევე მივხვდი, რომ ეს ის ადგილი იყო, რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა. ესპანური ისე ადვილად ავითვისე, მალე ამ ენაზე დავიწყე თამაში. იმდენად მოსწონდათ ჩემი თამაში და მეც ისე მომხიბლა თეატრალურმა სივრცემ, გადავწყვიტე, თბილისში რომ ჩამოვიდოდი, თეატრალურში ჩავაბარებდი. ასეც მოხდა.
ზოგადად, მიყვარს ახალი ადგილები, მოგზაურობა, მაგრამ ძალიან მალე მენატრება ჩემი ქვეყანა. მენატრებოდნენ ჩემი მეგობრები, ჩემი ქუჩები, ბებია. ბოლოს, ესპანურად რომ დავიწყე სიზმრების ნახვა, მივხვდი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. მახსოვს, პირველად თბილისში რომ გავედი, ქართული ლაპარაკი რომ მესმოდა ქუჩაში, გიჟივით დავრბოდი, ყველას ვკოცნიდი...
ვაჟა ნამდვილად საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის. „სტუმარ-მასპინძელი" ჩვენი საგანძურია. ჩემი აზრით, ეს ნაწარმოები ყველა ადამიანმა კვირაში ერთხელ მაინც რომ წაიკითხოს, ყველგან ყველაფერი დალაგდება. ამ სპექტაკლზე მუშაობა რომ დავიწყეთ კიდევ ერთხელ მივხვდი, ბედნიერი ვარ, რომ ვარ ქართველი, რომ გვყავს ვაჟა და არავისგან არაფერი გვაქვს სასწავლი, როცა ასეთი კლასიკოსები გვყავს", - აცხადებს ანდრია გველესიანი.