განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
+
8 ნოემბერი. 2018. 11:16
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ა.პ. დამნაშავედ ცნო“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 იანვარს, ქ.თბილისში ყოფნისას ა.პ. დაუკავშირდა და შეხვდა ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს ა.ფ.-ს, რომელსაც უთხრა, რომ საქართველოში მყოფი ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ა. სოციალური ქსელების მეშვეობით მის მიმართ ღირსების შემლახავ ინფორმაციას ავრცელებდა და ა.ფ.-ს მკვლელის პოვნა შეუკვეთა, რომელიც გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ ვ.ა.-ს მოკლავდა.
2018 წლის 27 იანვარიდან 7 თებერვლის ჩათვლით, ა.ფ. და ა.პ. რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და მკვლელობის დეტალებზე და გვამის გადამალვის გეგმაზე შეთანხმდნენ. ა.პ. ა.ფ. - ს დაპირდა, რომ ვ.ა.-ს მკვლელს 5000 აშშ დოლარს გადაუხდიდა და იარაღის შესაძენად 500 აშშ დოლარს მისცემდა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს 2018 წლის 4 თბერვალს ა.პ.-მ მკვლელობის დეტალები დააზუსტა და ა.ფ.-ს დაავალა, რომ დამაჯერებლობის განსამტკიცებლად გვამისთვის სურათის გადაღება და მისთვის ჩვენება იყო საჭირო, ხოლო უსაფრთხოების მიზნით ვ.ა.-ს გვამზე დიდი ლოდები უნდა დაეკიდათ და წყალში ჩაეგდოთ. 2018 წლის 7 თებერვალს კი ა.პ.-მ მკვლელობის იარაღის შესაძენად ა.ფ.-ს 1200 ლარი გადასცა.
სამართალდამცველებმა ა.პ. 2018 წლის 9 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ( შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.