logo_geo
eng_logo
17 ნოემბერი - გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა!
- +

17 ნოემბერი. 2018. 00:45

 

ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი, ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი,  გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს, ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში დაიბადა.

 

გალაკტიონ ტაბიძე - დღეს ჩემი დღეა, დაბადების დღე

 

დღეს ჩემი დღეა, დაბადების დღე,

მსურს ვიხალისო, მსურს მოვილხინო,

მომავალ ბედის სადღეგრძელებლად

მინდა რომ ყანწით დავსცალო ღვინო.

მაშ მომილოცეთ, რაღას უყურებთ?

ვარდ-ყვავილებით მომირთეთ ბინა,

წუხელის მე ამ დღეზე ვფიქრობდი,

ვერ მოვისვენე, არ დამეძინა.

ერთი დღე მაინც, ერთი დღე მაინც

მწარე ოცი წლის განმავლობაში

დამითმეთ, რომ მე ვიყო მეუფე

ამ განუსაზღვრელ მარტოობაში.

არავინ მოდის?.. არავისა სურს,

რომ ვიხალისო, რომ მოვილხინო?..

ხა, ხა, ხა, ხა, ხა! დღესაც მარტო ვარ,

მაგრამ რას ვეძებ, მომეცით ღვინო!

 

გალაკტიონ ტაბიძემ იმთავითვე დაიმკვიდრა „გენიალური გალაკტიონის“ და „პოეტების მეფის“ სახელი. „მე და ღამემ“, „მთაწმინდის მთვარემ“, „ლურჯა ცხენებმა“, „სილაჟვარდემ...“, „მერიმ“ და მრავალმა სხვა ლექსმა მკითხველს წარმოუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება, სიტყვის მოქნილობა, საოცარი უნარი რიტმის, ფერის, ტონისა თუ ნახევარტონების გადმოცემისა.

 

ტაბიძის შემოქმედების დასაწყისი XX საუკუნის 10-იან წლებზე მოდის ეს იყო პერიოდი, როცა ლირიკაში კვლავ განუყოფლად ბატონობდა აკაკი წერეთლის ავტორიტეტი. უხვად მომადლებული პოეტური ნიჭის წყალობით გალაკტიონმა ქართული პოეტიკა ახალ ეტაპზე დააყენა. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. ამ ხნის მანძილზე არ მოსულა არც ერთი პოეტური თაობა, რომელსაც მისი გავლენა არ განეცადოს. თანამედროვე ქართულ პოეზიაში ტაბიძის ავტორიტეტი კვლავ განუყოფლად ბატონობს და დღესაც გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისებრივად ახალი, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

 

 

„პოეტების მეფე“ 1959 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner