„ჩვენ, ქართველი ებრაელები, აღშფოთებულები ვართ და ვგმობთ მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ და დისკრიმინაციულ განცხადებას მოშე გლუკჰაფტის მიმართ“, - ამის შესახებ ქართველ ებრაელთა სათვისტომოს განცხადებაშია საუბარი.
განცხადების ავტორები აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ებრაელების მიმართ სიძულვილის ენას იყენებს, შესაბამისად, ისინი ელიან რეაქციას პოლიტიკური ძალების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.
„ჩვენ, ქართველი ებრაელები, აღშფოთებულები ვართ და ვგმობთ მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ და დისკრიმინაციულ განცხადებას მოშე გლუკჰაფტის მიმართ.
სააკაშვილის სიტყვები შეურაცხყოფს არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, მოშე გლუკჰაფტს, არამედ მთელ ებრაელ ხალხს და განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია საქართველოში მცხოვრები ებრაელებისთვის.
ქართველ და ებრაელ ერს შორის არსებობს 26 საუკუნოვანი სამაგალითო და-ძმობა, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და ამას ვერაფერი დააზიანებს, მითუმეტეს ვიღაცის კერძო, არაკორექტული გამოხტომები.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ებრაელების მიმართ სიძულვილის ენას იყენებს. კარგად გვახსოვს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის შოთა შალელაშვილის მიმართ იმავე შინაარსის ანტისემიტური, დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი სიტყვები იქნა გამოყენებული.
სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებულ, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ განცხადებაზე შესაბამის რეაქციას ველით პოლიტიკური ძალების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.
დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება დაგმობს და გაემიჯნება სააკაშვილის განცხადებებს და ყველას კიდევ ერთხელ დაანახებს ორ ერს შორის მეგობრობის ღირსეულ მაგალითს,“- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2-თან“ საუბრისას განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცა მილიონ ორასი ათასზე მეტი, ბილბორდები დაამზადოს დაჭყანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს“.