ცნობილი ვიდეობლოგერი, დრიუ ბინსკი ბერა ივანიშვილზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, სახელწოდებით: „მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ალბინოსი“. ბინსკი ამბობს, რომ საქართველოში ბერას მოწვევით იმყოფებოდა და თავდაპირველად, მუსიკოსის შესახებ ვიდეოს გადაღებას არ გეგმავდა, თუმცა, როდესაც ბერას შესახებ უფრო მეტი შეიტყო, გადაწყვიტა, „მის შესახებ მსოფლიოსთვის მოეყოლა“.
ბინსკი აღნიშნავს, რომ ბერა საფრანგეთში, ქართულ ოჯახში დაიბადა და მრავალკულტურულ საზოგადოებაში გაიზარდა.
„საქართველო ჩემი სიამაყეა, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან საქართველოს წარმოვადგენ“, - ამბობს ივანიშვილი.
ავტორი აღნიშნავს, რომ ბერა ძალიან ბევრს მუშაობს, 23 წლის
მუსიკოსმა მოახერხა ეთანამშრომლა ბევრ ცნობილ დიჯეისთან, მათ შორის - სტივ აოკისთან. ბინსკი ამბობს, რომ მისი მასპინძელი ძალიან თავმდაბალია და ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ირჩევს.
„ყოველთვის ჩუმი ვიყავი, ყველაზე ჩუმი კლასშიც. ვწერდი ლექსებს, ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული და არასოდეს მივდევდი ტრენდებს“, - ამბობს ბერა.
ივანიშვილი ოჯახის ძლიერ მხარდაჭერაზეც საუბრობს.
„ყველაფერი, რასაც სწორად ვაკეთებ, ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, ყველაფერს არასწორს კი - ჩემით ვაკეთებ. ვცდილობ, კარგი უფროსი ძმა ვიყო, საუკეთესო შვილი, საუკეთესო ქმარი“, - ამბობს ბერა ვიდეოში.
დრიუ ბინსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალბინოსია, ბერამ შეძლო, წარმატებისთვის მიეღწია.
„სხვებისგან განსხვავებული დავიბადე, ამიტომ, როცა საუბარია განსაკუთრებული იმიჯის შექმნაზე, უბრალოდ ვცდილობ, ვიყო ის, რაც ვარ. სწორედ ეს მინდა, ჩემგან გაიგოს პუბლიკამ, ყველა ბავშვმა, ვინც სკოლაში ბულინგის მსხვერპლია, ან თავს განსხვავებულად, მარტოსულად გრძნობს... ჩემთვისაც ძალიან რთული იყო, მუსიკალურ ინდუსტრიაში თავი დამემკვიდრებინა, რადგან ვერ გაიხსენებ მაგალითს ადამიანებისას, რომლებიც ჩემსავით გამოიყურებიან. არ მინდა, კონკრეტული სახელები ვთქვა, მაგრამ ჩემთვის უთქვამთ, რომ ძალიან მოსწონთ ჩემი მუსიკა, მაგრამ არ იციან, როგორ გამიყვანონ ბაზარზე.
პატარა ძმა მყავს, ზუსტად ჩემნაირი. მე საკუთარ თავში დარწმუნებული ბავშვი ვიყავი და განსხვავებულობას საკუთარ სიძლიერედ აღვიქვამდი“, - განაცხადა ბერამ.
ბლოგერი აღნიშნავს, რომ ბერა მისაბაძი ადამიანია მათთვის, ვისაც საკუთარი თავი განსხვავებული ჰგონია. ასევე, ბინსკი ჰყვება, რომ ქუჩაში სეირნობის დროს, მას ყველა ცნობს და მუსიკოსიც არ ამბობს უარს ფოტოების გადაღებასა თუ თაყვანისმცემლებთან საუბარზე