საქართველო წინ მიიწევს და ეფექტიანად იყენებს ყველა მექანიზმს ინტეგრაციის გზაზე, რაც მას NATO-ს წევრობასთან აახლოებს. საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ყოვლისმომცველი რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში და საქართველო წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე ისაუბრა, რომელიც NATO-ს შტაბ-ბინაში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართა.
სტოლტენბერგის განცხადებით, 2018 წელი NATO-საქართველოს ურთიერთობების თვალსაზრისით საკმაოდ დინამიური იყო. რისი ნათელი დადასტურებაა, ივლისის სამიტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან უმაღლეს დონეზე და ერთობლივი განცხადების მიღება.
NATO-საქართველოს კომისიის მუშაობაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. შეხვედრაზე საქართველოს 2018 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი განიხილეს.
მოკავშირეების მხრიდან უაღრესად პოზიტიურად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული, ეკონომიკისა და თავდაცვის სექტორის რეფორმები.
საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა, რომ ალიანსი შეშფოთებულია რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინასთან მიმართებაში. მოკავშირეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რათა გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოკავშირეებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებისა და მძიმე უსაფრთხოებისა, ისევე მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ.
სხდომაზე, ალიანსის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, გამოიხატა მზაობა, გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული დახმარება, მათ შორის NATO-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტების იმპლემენტაციის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს როგორც NATO-ს ასპირანტ ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.