„ლუგარის ლაბორატორიის ფაქტი ერთგვარი სამზადისია, რომ რუსეთმა ის ქმედებები განახორციელოს, რაც მან აგვისტოს ომის დროს ჩაიდანა“, – ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია.
მისი შეფასებით, რუსეთი არა მარტო გვემუქრება, არამედ ჰიბრიდულ ომს აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ. მაისაია იმასაც ამბობს, რომ ექსტრავაგანტულ პუტინის მარჯვენა ხელ ლავროვის განცხადებაზე რეაგირება წყლის ნაყვაა.
„რა თქმა უნდა ამ განცხადებაში საფრთხის შემცველი ელემენტები არის. იმიტომ, რომ რუსეთი ახლა განსაკუთრებით ცივი ომის რეალიებშია ჩართული. აქედან გამომდინარე პოსტასაბჭოთა სივრცის ნებისმიერი ქვეყნის გაწევრიანება NATO-ში რუსეთისთვის იქნება მისი გეოსტრატეგიული ინტერესებისთვის დარტყმა. ამაზე მინიშნება მის სტრატეგიაშიც არის, რომ NATO და ამერიკა რუსეთის სამხედრო მტრები არიან. NATO-ს ინფრასტრუქტურას, რომელიც მის საზღვრებთან ახლოს არის განლაგებული, მტრად აღიქვამენ. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ მივისწრაფვით ევროატლანტიკური მიმართულებით, რუსეთი არა მარტო მუქარას გვიგზავნის, არამედ აგრძელებს ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს. ეს არის კიბერთავდასხმები, ჩვენი მოქალაქეების გატაცება ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებიდან და მიმდებარე არეალებიდან. ასევე საინფორმაციო ომს აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ.
ყბადაღებული ლუგარის ლაბორატორიის ფაქტი რომ მოვიყვანოთ. ეს იყო ერთგვარი სამზადისი იმისათვის, რომ რუსეთმა განახორციელოს ის ქმედებები, რაც მან ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომის დროს. ამიტომ რუსეთის ასეთი ქმედებები ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს. იმიტომ, რომ ფრონტისპირა ზღვარზე ვართ. არსებობს 12 აგვისტოს პრეზიდენტ სააკაშვილისა და სარკოზის ხელმოწერილი დოკუმენტი, მაგრამ ეს არის დროებითი დაზავების ხელშეკრულება და მეტი არაფერი. რუსეთი აგრძელებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიასა და ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების გაძლიერებას, აქედან გამომდინარე ნებისმიერ მომენტში ის მზად არის რომ გაიმეოროს 2008 წლის აგვისტოს ომის სცენარი“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებები საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერაზე პროვოკაციულია.
„პროვოკაციულად მივიჩნევთ NATO-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერაზე. ასეთმა უპასუხისმგებლო გზავნილებმა 2008 წლის აგვისტოში თბილისი წააქეზა დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურა განეხორციელებინა“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.