logo_geo
eng_logo
როგორ შეიქმნა 90-იანების თბილისში „ზაპოროჟეცის” ინსტალაცია?
- +

14 დეკემბერი. 2018. 21:59

ეფექტური გარე რეკლამა დღეს აღარავის უკვირს. თუმცა, თბილისის ერთ-ერთ უბანში განთავსებული ეს ინსტალაცია უკვე 24 წელია გამვლელების ყურადღებას იქცევს. ავტომობილის სანომრე ნიშანზე წაწერილი რიცხვი „1995” განთავსების წელს გვამცნობს. შენობის კედელზე მიმაგრებული წითელი „ზაპოროჟეცი” მალევე იქცა შეხვედრების პოპულარულ ადგილად. ბნელი ტკბილი 90-იანების ბავშვებს კი გვიქმნიდა ილუზიას, რომ მანქანა მართლაც შეეჯახა კორპუსს. ამ მოსაზრებას, ავტომობილის გარშემო, შენობაზე მიხატული „ბზარები” გვიმყარებდა. „ზაპოროჟეცი” ახლანდელი პეკინის 22-ში იმ დროს გამოჩნდა, როდესაც ხალხი პურისა და საწვავის რიგებში აღამებდა, „კერასინკით” თბებოდა და განუკითხაობასთან გამკლავებას ცდილობდა. 90-იანების თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გარე რეკლამა ირაკლი ჩოდრიშვილმა მეგობრებთან ერთად განათავსა…

 

- როგორ მოგაფიქრდათ, გარე სარეკლამო საშუალებად მანქანა გამოგეყენებინათ?

 

- ეს პატარა ობიექტი მე და ჩემმა აწგარდაცვლილმა მეჯვარემ, ვახტანგ ხომერიკმა, ვაჩუქეთ ჩვენს მეუღლეებს, მცირე ბიზნესის წამოსაწყებად. მისი შიდა ფართი სულ ერთი ციდა, 20 კვადრატული მეტრია. ის ამავე დროს, ამ კორპუსის ქვეშ, პირველი კომერციული ფართია, ანუ პირველი მერცხალი. აქედან გამომდინარე, დადგა საჭიროება, ყურადღების მისაქცევად რაიმე ორიგინალური, საყვარელი და ფუნქციონალურად (წვიმის დროს) გამართული წინკარის მოწყობისა.

 

 

- რა დაწესებულების გახსნა გსურდათ, რის სარეკლამოდაც გამოიყენეთ მანქანა?

 

- დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას გახსნიდნენ ობიექტში, რადგან უჩვეულო ინსტალაციას თავად მოჰყავდა ინტერესიანი თბილისელები.

 

- როგორ შეიქმნა ეს „ინსტალაცია”?

 

- სარეკლამო წინკარის მოწყობისთვის მივმართე ცნობილ მხატვარ-მოქანდაკეს, ირაკლი მეგრელიშვილს, რომელიც ამავე დროს, სიძედ მეკუთვნის. მის გემოვნებასა და აზროვნებაში ღრმად ვიყავი დარწმუნებული. მხოლოდ ის რად ღირს, რომ მისი იდეითა და ავტორობითაა შექმნილი და დამზადებული ჩვენი სახელოვანი მოჭადრაკის – ნონა გაფრინდაშვილის მსოფლიო საჭადრაკო გარდამავალი თასი.

 

ირაკლიმ ამ საქმისთვის მთხოვა მეყიდა “ზაპოროჟეცი”. მანქანას დიღომში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მივაგენით. კითხვა-კითხვით მივაკვლიეთ პატრონს და ასე შევიძინეთ. თვენახევრის შემდეგ, მანქანა მონტაჟისთვის მზად იყო და დილის 6 საათზე განვათავსეთ ფასადზე.

 

- იმ დროისთვის, ასეთი გარე რეკლამა უჩვეულო იყო. როგორი რეაქცია ჰქონდა ხალხს?

 

- განთავსების პროცესში მონაწილეობას ხალისით იღებდნენ პეკინის ქუჩის რამდენიმე კორპუსის მეზობლები, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. იმ დილით პეკინზე ყველა იღიმებოდა, ასე მეჩვენებოდა. უბანმა შეიყვარა იმ დროის პატარა სათამაშო და ქალაქიც ოდნავ გახალისდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner