საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „ელჩების კონფერენცია 2018“-ის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემები საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგი და საგარეო პოლიტიკაში მისი როლი იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საპარლამენტო დიპლომატიასა და მრავალმხრივი ფორმატების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ირაკლი კობახიძემ ელჩებს ის ძირითადი ცვლილებები გააცნო, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს. საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგსა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ყურადღება ინსტიტუციურ რეფორმასა და ამ კონტექსტში, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, პარლამენტში თანხმობაა. ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის სახელით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.