„საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „TV პირველის” ეთერში საუბრისას ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ჩემს ცემაში ისიც მონაწილეობდა, – ამის შესახებ „კვირას” პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, კობა დავითაშვილმა განუცხადა.
დავითაშვილი პროკურატურას მიმართავს და მისი ცემის ფაქტზე სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას მოითხოვს.
„ფაქტობრივად, სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩემს ცემაში მონაწილეობდა – მან თქვა, რომ ვალერი გელაშვილთან არანაირი კავშირი არ მაქვსო, დავითაშვილის ცემის გამო კი გადავდექიო. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩემს საქმეში მონაწილეა. მივესალმები მის აღიარებით ჩვენებას და პროკურატურისგან მოვითხოვ მის მიმართ საქმის აღძვრას. დიდი ხანია ვამტკიცებდი რომ არამხოლოდ ადეიშვილი იყო ორგანიზატორი ჩემი ცემისა, არამედ სააკაშვილი. სააკაშვილის გადადგომა იყო მოჩვენებითი. ნინო ბურჯანაძე უბრალოდ თოჯინა იყო მის ხელში. ამას მე გადადგომას და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ვერ დავარქმევ. სააკაშვილმა შემდეგ გააყალბა არჩევნები. მხოლოდ აღიარება არ კმარა, თუ ის მონაწილეობდა პოლიტიკურ ოპონენტზე თავდასხმაში, ციხეში უნდა ჩაჯდეს“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.
„არცერთი პოლიტიკური ლიდერი ჩემი პრეზიდენტობის დროს არ ყოფილა დაპატიმრებული”,- აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის” გადაცემაში „პოლიტმეტრი” კახეთში, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დროს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის ქმედებაზე საუბრისას გააკეთა.
აღნიშნულზე საუბრისას სააკაშვილმა 26 მაისს, ოპოზიციური პარტიის ლიდერის ნინო ბურჯანაძის ექსკორტის მიერ პოლიციელზე დაჯახების ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამის მოუხედავად ბურჯანაძეს მისი პრეზიდენტობის დროს ბრალიც კი არ წარდგენია.
სააკაშვილის საპასუხოდ ჟურნალისტმა ყოფილ პრეზიდენტს მისი მმართველობის პერიოდში პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდები შეახსენა და მაგალითისთვის ბიზნესმენ ვალერი გელაშვილისა და დეპუტატ კობა დავითაშვილის ცემის ფაქტი მოუყვანა, ჟურნალისტმა იგივე კონტექსტში ახსენა ასევე სააკაშვილის გუნდის ყოფილი წევრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც გარკვეული პერიოდი ციხეშიც იჯდა.