თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ბრალდებული ვ. ჯ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 31 მარტს, ქ. თბილისში, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა ვ. ჯ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კ. ჭ.-ს სახის არეში სამართებლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რამაც დაზარალებულის სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია.
სამართალდამცავებმა ვ. ჯ. 2018 წლის 1 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი არაერთგზის, რამაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ. ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.