logo_geo
eng_logo
ველისციხის ინციდენტის გამო დაკავებული ქეთევან მირიანაშვილი 3500-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
- +

22 დეკემბერი. 2018. 14:17

 

 

თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის გამო დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ 3500-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

ბრალდების მხარე დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი - 1000 ლარის.

 

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ბრალდებულის სოციალური მდგომარეობა.

 

შეგახსენებთ, რომ ქეთევან მირიანაშვილი, კახეთის სამხარეო დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორში 2 დღის წინ მოათავსეს, თუმცა გულის პრობლემებით და მაღალი არტერიული წნევით იმავე დღეს თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

დაკავებული სასამართლო სხდომაზე პირდაპირ კლინიკიდან მოიყვანეს. მკურნალი ექიმის თქმით, მირიანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობის გაგრძელებას არ საჭიროებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუხლი გადაკვალიფიცირდა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილის ნაცვლად გამოძიება 353-ე მუხლის პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას გულისხმობს.

 

წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 6 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner