ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს პარლამენტში 2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას საქართველოსთვის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელზე ისაუბრა, რომელიც 3%-ზეა განსაზღვრული, არსებულ ინფლაციურ გარემოსა და პროგნოზებზე.
გვენეტაძის განცხადებით, წლის განმავლობაში ინფლაცია დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლის - 3%-ის ირგვლივ ნარჩუნდებოდა.
„მონეტარული პოლიტიკის მიზანი ვერ იქნება ინფლაციაზე მოქმედი მოკლევადიანი და ერთჯერადი ფაქტორების სრულად განეიტრალება. აღნიშნული შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მკვეთრად შემცირებისა და უმუშევრობის ზრდის ხარჯზე. 2017-2018 წლები იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ცენტრალურმა ბანკმა მიწოდების შოკების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი 2017 წელს მიზნობრივ დონეს აღემატებოდა, ეროვნულმა ბანკმა ზედმეტად არ გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, რითაც თავიდან აიცილა დასაქმებისა და ინფლაციის არასასურველი მერყეობა. საპირისპიროდ, მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის შიშით, 2017 წელს მონეტარული პოლიტიკის ზედმეტად გამკაცრების შედეგი 2018 წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალი ინფლაცია, შემცირებული ეკონომიკა და დასაქმება იქნებოდა.
ამ მიდგომით, ინფლაციის თარგეთირების პირობებში, ფასების სტაბილურობა ყველაზე დაბალი საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა სხვა ალტერნატივებთან შედარებით მაღალი და სტაბილურია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.