ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის მიზეზად ბრალდების მხარე ლორა სმიტის მიმართ მალზახ კობაურის სექსუალურ ლტოლვას ასახელებს.
„მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა მამა-შვილის გვამები მოიშორა, ის ბრუნდება ჩანჩქერთან, სადაც დატოვეს ლორა სმიტი და იარაღის მუქარით ახორციელებს მასზე ძალადობას და საბოლოოდ აუპატიურებს მას, ამის შემდეგ ბრალდებულმა ლორა სმიტი დაახრჩო წყალში და ჩააგდო მდინარეში“, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა.
მალხაზ კობაურმა პირველ ჩვენებაში ლორა სმიტის მკვლელობის შესახებ არაფერი თქვა, შესაბამისად, გამოძიების ვერსიით, მან ნამდვილი მოტივი დამალა. ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმიტის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა, წყალში დახრჩობით, თუმცა ამავე დასკვნაში წერია დაზიანებებზე. გამოძიებას მიაჩნია, რომ კობაურმა ქალზე ჯერ იძალადა ხოლო შემდეგ დაახრჩო.
სწორედ მკვლელობის მოტივის დადგენის შემდეგ გახდა შესაძლებელი კობაურისთვის ბრალის დამძიმება.
ექსპერტიზის თანახმად, ლორა სმიტის გვამს თხემის მიდამოში მარცხნივ, უსწოროკიდეებიანი დაჟეჟილი ჭრილობა, სხეულზე მრავლობითი ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა, დაზიანებები განვითარებული იყო მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში.
პროკურორ ზაზა დათუკიშვილის თქმით, როდესაც მაშველებმა ქალი ნახეს, მას შორტები ჰქონდა გახეული, რაც მიუთითებს ძალადობაზე. ასევე, ლორა სმიტს უკანა ტანში აღმოაჩნდა მალხაზ კობაურის სპერმა, ქალს აზღუდი ჰქონდა ჩამოწეული და მაისური აწეული, მუცელი და მკერდი კი შიშველ მდგომარეობაში ჰქონდა.
ლორა სმიტის მიმართ კობაურის სექსუალურ ლტოლვას კობაურის ტელეფონში აღმოჩენილი უკვე გარდაცვლილი ლორა სმიტის ნახევრად შიშველი ფოტოებიც ადასტურებს. ლორა სმიტის სილამაზით კობაურის აღფრთოვანებას ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაც ამყარებს, მან 6 ივლისს კობაური სოფელ წკერეში ტელეფონების დასატენად გაგზავნა.
„იმედის კვირაში“ გასული სიუჟეტის მიხედვით, დაგვიანების მიზეზი კობაურმა ასე ახსნა: ამონარიდი მოწმის ჩვენებიდან - „მან მე მიპასუხა, რომ პოლიციელებს დაეხმარა გარდაცვლილი ქალის მოძებაში, რომელიც იმყოფებოდა წყალში. თან მაჩვენა მის მიერ გადაღებული წყალში დამხრჩვალი ქალის სურათები. თან გვეუბნებოდა, ნახეთ, რა მაგარი ქალია, თან მკერდი უჩანსო“.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.