საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის 1 ივლისიდან მიმდინარე წლის 5 ნოემბრის ჩათვლით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ე.წ. უკონტაქტო პატრულმა სიჩქარის გადაჭარბების 37 951 შემთხვევა გამოავლინა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ შსს-დან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლიციის სარგებლობაში არსებულ, შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო - და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს (ე.წ. „უკონტაქტო პატრული“) მიერ ზემოთაღნიშნული პერიოდის განმავლობაში 37 951 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, აღნიშნულ პერიოდში ბათუმში სიჩქარის გადაჭარბების 12 462, ქუთაისში - 12 665, თბილისში კი 12 824 შემთხვევა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელი ივლისიდან შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით ამოქმედდა ე.წ. უკონტაქტო პატრულირების ადმინისტრირების წესი, რაც პოლიციის სარგებლობაში არსებულ, შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე, მონაცემთა დამუშავების პირობებსა და პროცედურებს ითვალისწინებს.