logo_geo
eng_logo
ყაჩაღობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

26 დეკემბერი. 2018. 12:58

 

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული რ. ფ. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 16 აპრილს განზრახი დანაშაულისთვის, მათ შორის ყაჩაღობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი რ. ფ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, საგზაო კომპანია შპს „ელისი 2015“-ის ადმინისტრაციულ შენობაში თავს დაესხა ამავე კომპანიის მენეჯერს, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის  გამოყენების  მუქარით გასტაცა „მერსედეს - ბენცი“-ს მარკის ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა რ. ფ. 2018 წლის 17 აპრილს ქ. თბილისში დააკავეს. ხაშურის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3-ე ნაწილის  „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისა და  ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის  გამოყენების  მუქარით, სატრანსპორტო საშუალების  წინააღმდეგ, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარუდგინა. სასამართლომ რ. ფ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ რ. ფ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner