პარლამენტის 2018 წლის 22 დეკემბრიდან მოწვეული საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის 26-28 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა.
24 დეკემბრის ბიუროს შემდეგ პლენარულ სხდომათა დღის წესრიგს კიდევ რამდენიმე განსახილველი საკითხი დაემატა. პირველ საკითხად წარმოდგენილია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს და რომლის მიხედვითაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა, ნაცვლად ოცდახუთი წლისა, განისაზღვრება ოცდაათი წლით.
დამატებულ საკითხთა შორისაა ასევე კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (თამბაქოს შემცველობით ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე ერთ აქციზურ განაკვეთს განსაზღვრავს), საკანონმდებლო პაკეტები ტყის კოდექსში და დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივი კონვენციის რატიფიცირების საკითხი, „საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხი, კანონპროექტი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (არეგულირებს, პირის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად არჩევასთან და სტიპენდიატის ასაკთან, სტიპენდიის ოდენობასთან და სტიპენდიის შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს), კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მეთოდით შექმნილი „დედაენის“ სახელმძღვანელოს მომზადების საკანონმდებლო საფუძველს ქმნის.
ბიურომ საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელა. ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად წარმოდგენილია გადაწყვეტილება თავდაცვის ძალების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ.
ბიურომ ცნობად მიიღო პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მომართვა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ პარლამენტის წევრის გივი ჭიჭინაძის არჩევის შესახებ.
ბიუროზე დასამტკიცებლად წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის ლოგოს ნიმუში.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასურველია, საქართველოს პარლამენტის ახალ ლოგოსთან დაკავშირებით, დამატებით მსჯელობა გაიმართოს. მისივე თქმით, ამისთვის ფორმატი უნდა განისაზღვროს.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეისთვის განსაზღვრულია ლოგო, სადაც ასახულია პარლამენტის ქუთაისის შენობა. აქედან გამომდინარე, საჭიროა ლოგოს ცვლილება. რეგლამენტის თანახმად, ეს ბიუროს პრეროგატივაა. ამასთან დაკავშირებით, გამოცხადდა კონკურსი: ერთი ეტაპი - სადაც არცერთი ნიმუში არ იქნა მოწონებული, შემდეგ, მეორე ეტაპი. წარმოდგენილია ლოგოს ნიმუში, რომელიც ალბათ, თქვენ ნახეთ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ საჭიროა მეტი მსჯელობა. ალბათ, ამასთან დაკავშირებით, ფორმატიც უნდა მოვიფიქროთ. ლოგო არ არის ისეთი საკითხი, რომელიც შეიძლება, ერთი ხელის მოსმით გადაწყდეს. ამიტომ, რაღაც ფორმატი განვსაზღვროთ, შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ როგორც კონცეფციასთან, ასევე, კონკრეტულად, შესაბამის შესრულებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სჯობს, რომ დღეს არ გავიტანოთ კენჭისყრაზე, დამატებით ვიმსჯელოთ და შემდეგ მოვუბრუნდეთ ამ საკითხს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მდივანს ლევან გოგიჩაიშვილს მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების შერჩევა იუსტიციის საბჭოს მიერ და მათი წარდგენა პარლამენტისათვის მოხდა გაურკვეველი პროცედურით. მისი ინფორმაციით, ხვალ, 27 დეკემბერს, ფრაქციის გადაწყვეტილებით, დეპუტატები პარლამენტში შეხვდებიან იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს აღნიშნულ პროცესს, რათა მათგან დეტალური ინფორმაცია მიიღონ.
ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, შეხვედრა ღია ფორმატში გაიმართება და ყველა მსურველს ექნება დასწრების საშუალება.
საკითხთან დაკავშირებით ოთარ კახიძემ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ პოზიცია დააფიქსირა. პროცესის გამჭვირვალობისთვის ფრაქციის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ კარგი იქნება შესაბამის კომიტეტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც ექნებათ მუშაობის საშუალება. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს წევრებად შემოთავაზებულია კანდიდატები ყოველგვარი კრიტერიუმებისა და შერჩევის ღია პროცესის გარეშე, ახლა ჯერი პარლამენტზეა, რომელმაც ყველა სტანდარტი უნდა დაიცვას, რათა უვადოდ არ დაინიშნონ უზენაეს სასამართლოში ის პირები, რომლებიც არ შეეფერებიან ამ პოზიციას და თანამდებობას.
ამის შემდეგ, ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.