ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიას დადებითად აფასებენ.
საია-ს წარმომადგენლის, გიორგი გობრონიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩნდება სტრატეგიული დოკუმენტები, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებს გამოკვეთავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის.
„აქედან გამომდინარე, თვითონ ნაბიჯი არის ცალსახად დადებითი და მისასალმებელი და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხდება მისი გაზიარება ფართო საზოგადოებისთვის“, - განაცხადა გობრონიძემ.
საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორის, პაატა გაფრინდაშვილის შეფასებით კი, კონცეპტუალური მიდგომები მისასალმებელია.
„თავისთავად ეს ფაქტი ცალსახად მისასალმებელია, მე მთლიანობაში მივესალმები რასაკვირველია ამგვარი ტიპის კონცეპტუალურ მიდგომებს, როდესაც მთავარია გაგაჩნდეს ხედვა, სტრატეგია, რაც არის ფუნდამენტი იმისა, რომ შემდეგ უკვე ეფექტიანად განახორციელო და გადადგა შესაბამისი ნაბიჯები“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
ექსპერტი ამირან სალუქვაძე, ტერორიზმს მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის ერთ-ერთ გამოწვევად მთავარ გამოწვევად მიიჩნევს.
„ჩვენი საზოგადოება ამ კუთხით საკმაოდ ფუფუნებაში არის, უფლის წყალობით ჩვენთან არაფერი მომხდარა და ამით ფასდება რა თქმა უნდა, სპეცსამსახურის საქმიანობა, მაგრამ იმისთვის, რომ მეტად ეფექტიანად მოქმედებდეს სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ, აუცილებელია კოორდინაცია სახელმწიფო სტრუქტურების და ამ კოორდინაციისთვის აუცილებელია ასეთი ფუნდამენტური დოკუმენტების შემუშავება, კონცეპტუალური დოკუმენტების და ის სტრატეგია, რომელიც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარმოგვიდგინა, ზუსტად არის ეს პირველი ნაბიჯი, ყოველთვის მივესალმები ასეთ საქმიანობას“, - აღნიშნა სალუქვაძემ.
ექსპერტების მხრიდან შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს საზოგადოების მიმღებლობის გაზრდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის მიმართ, როდესაც საქმე ეხება ტერორიზმთან ბრძოლას.
„ამისი მაგალითი, რამდენად მოუმზადებელი ხვდება საზოგადოება ამას, მათ შორის მედიაც, მსგავსი ტიპის ტერორისტულ გამოწვევებს, ამის მაგალითი ჩვენ 2017-2018 –მა წელმა გვიჩვენა და ამიტომ დღის წესრიგში დგას აუცილებლობა იმისა, რომ მოხდეს საზოგადოების და მედიის განათლება და სოლიდარობის განცდა სახელმწიფოს და იმ სამსახურების მიმართ, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან ყოველდღიურ რეჟიმში“, - განაცხადა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ.
საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორი, ლევან დოლიძე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსტრემიზმის, რადიკალიზაციის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებობდეს სახელმწიფო სტრატეგია.
მისივე თქმით, მისასალმებელია უშიშროების სამსახურის ნაბიჯი, რომ ეს დოკუმენტი, უფრო სწორედ მისი პირველადი მონახაზი განხილულ იქნეს სამოქალაქო სექტორთან.
ექსპერტი მამუკა არეშიძე, ამბობს, რომ თუ აღნიშნული დოკუმენტი გახდება სახელმძღვანელო ხელისუფლებისთვის და იქნება გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ კონსოლიდირებულად უნდა იმოქმედოს, არა მხოლოდ სუს–მა, არამედ ხელისუფლებამ საერთოდ, მაშინ ის ბევრად ეფექტური იქნება.
„ასეთ შემთხვევაში ასე ვთქვათ, საფრთხეები და რისკები ბევრად უფრო შემცირდება, ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და რისკები ბევრად უფრო შემცირდება“, - აღნიშნა არეშიძემ.
ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ეს დოკუმენტი დიდ მნიშვნელობას იძენს.
„ეს არის ერთ- ერთი პირველი ნაბიჯი, პროცესი იწყება ამ მხრივ და კარგია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოიწვია ექსპერტები და საერთო აზრის შეჯერება მოხდა. ბევრი საინტერესო კითხვა გაჩნდა და მე მგონი ეს დოკუმენტი დამუშავდება და ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველო უკეთესად იყოს მომზადებული საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში“, - აღნიშნა ალადაშვილმა.
ხოლო სტრატეგიის ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის, გიორგი თარგამაძის შეფასებით, დოკუმენტზე მუშაობისას პროცესის გახსნილობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„არა მხოლოდ ამ დოკუმენტის შემუშავებას, არამედ შეიძლება კიდევ უფრო მეტად ამ დოკუმენტზე მუშაობის პროცესის გახსნილობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავიზარდოთ, სიმწიფის თვალსაზრისით, როგორც პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა, საზოგადოებამ, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ერთმანეთთან თანამშრომლობის კუთხით და გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ერთმანეთის არა თუ მტრები, მოწინააღმდეგეებიც არ ვართ, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც ანტიტერორისტული პოლიტიკა და ღონისძიებები არის“, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
თავის მხრივ, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი დადებითად აფასებს ფაქტს, რომ კონცეფცია არსებობს.
„დადებითად ვაფასებ თვითონ იმ მოვლენას, რომ დროა საქართველოში უწყებებს, განსაზღვრული ჰქონდეთ სტრატეგია და ტაქტიკა“, - აღნიშნა მან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდნენ.