საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენისას, გიორგი ქოჩიშვილმა დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია სამინისტროში შემოსული წერილის ირგვლივ არსებულ შეკითხვებზეც მიაწოდა .
პირველ რიგში, მან ახსნა თუ რის საფუძველზე ხდება სკოლებში ინსპექტირება. მისი განმარტებით, ინსპექტირების დაწყებასთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემის საფუძველი ხდება მოქალაქეებისა ან სხვადასხვა ორგანიზაციის განცხადებები შესაძლო დარღვევების არსებობაზე და მათ სიმძიმეზე, მაგალითად, თუ განცხადებებში მითითებულია ისეთი საკითხები, რომლებიც დროში სწრაფ რეაგირებას საჭიროებენ - ფართის/ქონების განკარგვა უკანონოდ, სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე უკანონოდ გადაცემა - რეაგირება ხორციელდება უსწრაფესად, რეალურად, მეორე დღესვე.
ქოჩიშვილის თქმით, ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით, სწორედ ამ ტიპის დარღვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია სამინისტრომ და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ წერილი არ იყო ანონიმური და მასში აღწერილი ფაქტები სკოლის შემოწმებისას დადასტურდა კიდეც. სამინისტროში შესული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, შესწავლის არ-დაწყება სამინისტროს მხრიდან იქნებოდა დანაშაული.
მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორედ ინსპექტირების შემდეგ დაიწყო სკოლამ წლების განმავლობაში არსებულ დარღვევებზე ზრუნვა და სწორედ ჩატარებულმა შესწავლამ მოიტანა ის პოზიტიური შედეგი, რომ დღეის მდგომარეობით, სკოლაში დარღვევები, ფაქტობრივად, აღმოფხვრილია.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა ისეთი მძიმე დარღვევები, როგორიცაა სკოლის ქონებით მესამე პირების მიერ უკანონოდ სარგებლობა. კერძოდ, გარეშე პირები იყენებდნენ სკოლის ფართებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ისე, რომ სკოლას არ მოუთხოვია და არც მათ გადაუხდიათ გადასახადი; სკოლამ შეფასება განახორციელებინა ორგანიზაციას (შპს-ს „ენგურ-აუდიტი“), რომელსაც ლიცენზიის მოქმედების ვადა ამოწურული ჰქონდა, არ ფიქსირდებოდა აუდიტორთა რეესტრში და ამასთან არ იყო ქონების შეფასებაზე უფლებამოსილი პირი; სკოლის მიერ არ ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება ფართის მესამე პირებზე სარგებლობაში გადაცემის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსათვის.
რაც შეეხება საპირფარეშოებს, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები იყო დარღვეული, ანტისანიტარია სუფევდა მოსწავლეთა საპირფარეშოებში. „დაუშვებელია, მასწავლებლები ამ მხრივ იყვნენ კარგ პირობებში, ხოლო მოსწავლეები - ანტისანიტარიაში“ - განაცხადა ქოჩიშვილმა.