საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენისას, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქოჩიშვილმა დეპუტატებს ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ ზუგდიდის სკოლაში ჩატარებული ინსპექტირება გამონაკლისი არ ყოფილა.
მისი განმარტებით, როგორც გეგმიურ, ასევე არაგეგმიურ შემოწმებებს სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს და მხოლოდ 2018 წლის შემოწმების შედეგად 101 დასკვნა დაიწერა. ამასთან, მითითება და გაფრთხილება მიეცა 54 სკოლას, გათავისუფლდა 8 სკოლის დირექტორი, ხოლო სამართალდამცავ ორგანოში კანონდარღვევის 22 საქმე გადაიგზავნა. რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2016-2018 წლების სტატისტიკით, 2016 წელს დასკვნა დაიწერა 157 სკოლაზე, 2017 წელს - 111-ზე, ხოლო 2018 წელს - 101 სკოლაზე.
„სამინისტროს მხრიდან აღნიშნული პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, თუ რა პერიოდს ემთხვევა პროცესი, მუშაობა მუდმივად გრძელდება. შესაბამისად, ცალკეული პოლიტიკური ძალებისგან ამ ტრაგედიის პოლიტიზირება კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებლად მიგვაჩია, რომელიმე სასწავლო დაწესებულება პოლიტიკური დღის წესრიგის საგნად იქცეს“ - განაცხადა გიორგი ქოჩიშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის, სამინისტროს შესაბამისი სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების შესწავლას, რადგან ეს ემსახურება სკოლების შეფასებას, ხარვეზების, გადაცდომებისა და სხვადასხვა ტიპის დარღვევის აღმოფხვრასა და შესაბამის რეაგირებას.