logo_geo
eng_logo
გიორგი ქოჩიშვილი: სამინისტროში შესული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, შესწავლის არდაწყება იქნებოდა დანაშაული
- +

28 დეკემბერი. 2018. 23:55

 

საქართველოს პარლამენტში აუდიტის სამსახურის ანგარიშის წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქოჩიშვილმა სამინისტროში ზუგდიდის მე-6 სკოლაში შემოსულ წერილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ წერილის შინაარსიდან გამომდინარე, შესწავლის არდაწყება სამინისტროს მხრიდან დანაშაული იქნებოდა.

 

 

„სამინისტროს შესაბამისი სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის. ეს ემსახურება სკოლების შეფასებას, ხარვეზების, გადაცდომების, სხვადასხვა ტიპის დარღვევის აღმოფხვრას და შესაბამის რეაგირებას. სწორედ ასეთი სამუშაო იქნა ჩატარებული ზუგდიდის მე-6 სკოლაში“ - განაცხადა გიორგი ქოჩიშვილმა.

 

 

პირველ რიგში, მან ახსნა თუ რის საფუძველზე ხდება სკოლებში  ინსპექტირება. მისი განმარტებით, ინსპექტირების დაწყებასთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემის საფუძველი ხდება მოქალაქეებისა ან სხვადასხვა ორგანიზაციის განცხადებები შესაძლო დარღვევების არსებობაზე და მათ სიმძიმეზე, მაგალითად, თუ განცხადებებში მითითებულია ისეთი საკითხები, რომლებიც  დროში სწრაფ რეაგირებას საჭიროებენ  - ფართის/ქონების განკარგვა უკანონოდ, სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე უკანონოდ გადაცემა - რეაგირება ხორციელდება უსწრაფესად, რეალურად, მეორე დღესვე.

 

 

ქოჩიშვილის თქმით, ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით, სწორედ ამ ტიპის დარღვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია სამინისტრომ და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ წერილი არ იყო ანონიმური და მასში აღწერილი ფაქტები სკოლის შემოწმებისას დადასტურდა კიდეც.  სამინისტროში შესული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, შესწავლის არ-დაწყება სამინისტროს მხრიდან იქნებოდა დანაშაული.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორედ ინსპექტირების შემდეგ დაიწყო სკოლამ წლების განმავლობაში არსებულ დარღვევებზე ზრუნვა და  სწორედ ჩატარებულმა შესწავლამ მოიტანა ის პოზიტიური შედეგი, რომ დღეის მდგომარეობით, სკოლაში დარღვევები, ფაქტობრივად, აღმოფხვრილია.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner