საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქოჩიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ზგდიდის მე-6 სკოლაში არსებულ ანტისანიტარიაზე, რაც მართალია მთავარი დარღვევა არ იყო, მაგრამ საყურადღებო იყო მოსწავლეებისა და სკოლის დირექციის არასათანადო პირობებში ჩაყენება.
„თქვენ იხილეთ ამ სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის ტუალეტი და ასევე იხილეთ მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ტუალეტი. ასე, რომ ფაქტია სკოლის დირექციის პრიორიტეტი სამწუხაროდ კითხვებს აჩენს. „დაუშვებელია, მასწავლებლები ამ მხრივ იყვნენ კარგ პირობებში, ხოლო მოსწავლეები - ანტისანიტარიაში“ - მიმართა ქოჩიშვილმა.
მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორედ ინსპექტირების შემდეგ დაიწყო სკოლამ წლების განმავლობაში არსებულ დარღვევებზე ზრუნვა და სწორედ ჩატარებულმა შესწავლამ მოიტანა ის პოზიტიური შედეგი, რომ დღეის მდგომარეობით, სკოლაში დარღვევები, ფაქტობრივად, აღმოფხვრილია.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა ისეთი მძიმე დარღვევები, როგორიცაა სკოლის ქონებით მესამე პირების მიერ უკანონოდ სარგებლობა. კერძოდ, გარეშე პირები იყენებდნენ სკოლის ფართებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ისე, რომ სკოლას არ მოუთხოვია და არც მათ გადაუხდიათ გადასახადი; სკოლამ შეფასება განახორციელებინა ორგანიზაციას (შპს-ს „ენგურ-აუდიტი“), რომელსაც ლიცენზიის მოქმედების ვადა ამოწურული ჰქონდა, არ ფიქსირდებოდა აუდიტორთა რეესტრში და ამასთან არ იყო ქონების შეფასებაზე უფლებამოსილი პირი; სკოლის მიერ არ ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება ფართის მესამე პირებზე სარგებლობაში გადაცემის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსათვის.