„გუშინ არსებული ინფორმაციით, გაციების საწინააღმდეგო პრეპარატი „ტამიფლუ” აფთიაქებში არის და მოსახლეობა მას ყიდულობს“,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აფთიაქებში მედიკამენტ „ტამიფლუს” შესაძლო დეფიციტურობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო სოციალურად დაუცველებსა და ორსულებზე „ტამიფლუს“ საკუთარი მარაგიდან გასცემს, რომელიც დაახლოებით 2000 ერთეულ კოლოფს შეადგენს.
„რაც შეეხება ორსულებსა და სოციალურად დაუცველებს, ვისაც „ტამიფლუ“ ჯანდაცვის სამინისტროს მარაგიდან ექიმის დანიშნულებით უფასოდ გადაეცემა, მათ მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს უნდა მიაკითხონ. დღეს უკვე ყველა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშია „ტამიფლუს“ მარაგი. მედიკამენტის გაცემა გრიპის სეზონზე არსებული ვითარების შესაბამისად გაგრძელდება“,- აღნიშნა გამყრელიძემ.
„ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებიც განმარტავენ, რომ სააფთიაქო ქსელებში „ტამიფლუს“ შეძენა სურთ, თუმცა, მედიკამენტი დეფიციტური გახდა.