პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული დაპირისპირება მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიას არ უკავშირდება და პროცესი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როდესაც სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღის ფორმატი შეიქმნა.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების მიზეზი არის სხვა და სასამართლოს თემას არ უკავშირდება.
„სასამართლოსთან დაკავშირებული თემა მხოლოდ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა სია არ არის. ჩემი კრიტიკული პოზიცია ბევრმა ადამიანმა იცის არა მხოლოდ გუნდში, არამედ გუნდის გარეთაც - მათ შორის ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ექსპერტებმა, რომლებიც ჩემთან ერთად სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპზე მუშაობდნენ. ამ თემასთან დაკავშირებით პოზიციების წინააღმდეგობა ბევრად უფრო ადრე გამოჩნდა, რის გამოც მე, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, იმ ჯგუფისთვის, რომელიც სასამართლო სისტემაში გარკვეული ჯგუფის ინტერესებს ლობირებს, ვიყავი მიუღებელი, არათანამოაზრე და არასანდო. ეს პროცესი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როდესაც სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღის ფორმატი შეიქმნა. სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესები იყო საკმაოდ რთული. 2017 წელი იყო, როცა პირველი წინააღმდეგობრივი პოზიცია გაჩნდა. მაშინ დადგა რეფორმის პარალელურად მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.