„თამბაქოზე აქციზის გადასახადის მატების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, ადამიანებმა შეამცირონ ან საერთოდ თავი დაანებონ თამბაქოს მოხმარებას“, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა.
მისი თქმით, თამბაქო ერთადერთი ლეგალური პროდუქტია, რომლის მოხმარებაც კლავს.
„ერთი საკითხი იყო ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადის გათანაბრება. ეს ვალდებულება გვქონდა, როგორც ევროგაერთიანებასთან, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციით. აქციზის მატების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა, რომ ადამიანებმა შეამცირონ ან საერთოდ თავი დაანებონ თამბაქოს მოწევას, რადგან ეს არის ერთადერთი ლეგალური პროდუქტი, რომლის მოხმარებაც უბრალოდ კლავს, არანაირი სარგებელი არ აქვს. ამიტომ აქციზის გაზრდა არის ერთ-ერთი ეფექტიანი მეთოდი, რეკლამისა და სპონსორობის აკრძალვასთან ერთად, რათა ერთი მხრივ, მწეველების რაოდენობა შემცირდეს და მეორე მხრივ, ახალგაზრდები არ ჩაერთონ ამ მავნე ჩვევაში. მსოფლიოში ეს ყველაზე ეფექტიანი მეთოდია“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ვალდებულება აქვს, 2024 წლისთვის ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზი 1,8 ევრო იყოს.
„კონკრეტული გათვლები არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, რომ შემდეგი 15 წლის განმავლობაში გადავარჩენთ 35 000 ადამიანის სიცოცხლეს ნაადრევი სიკვდილისაგან და 2,2 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკური სარგებელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ზოიძემ.
დეპუტატის შეფასებით, აქციზის ზრდის შემთხვევაში კონტრაბანდისა და არალეგალური ვაჭრობის თემით აპელირება თამბაქოს კომპანიების მხრიდან ჩვეული არგუმენტია, რომელსაც საფუძველი აქვს.
„ჩვენთან კონტრაბანდა 1 პროცენტზე ნაკლებია და მისი ზრდის არავითარი საშიშროება არ არსებობს“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. მანამდე უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადო 60 თეთრი იყო.