ჩრდილოეთ კორეა აშშ-სთან მორიგი სამიტის წარმატებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. ეს განცხადება ჩინეთში ვიზიტისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გააკეთა. მისი თქმით, მხარეებმა უნდა მიაღწიონ ისეთ შედეგს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა დაეთანხმება.
კიმ ჩენ ინის თქმით, ფხენიანი კორეის ნახევარკუნძულის პრობლემის მოგვარების პოლიტიკურ გზას და დიალოგს უჭერს მხარს. ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან მოლაპარაკებების დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ასევე პირობა დადო, რომ ფხენიანი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას გეგმაზომიერად გააგრძელებს.
მოგვიანებით სამხრეთ კორეის ლიდერმა მუნ ჯე ინმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრისთვის მზადება ინტენსიურად მიმდინარეობს და სამიტი უახლოეს პერიოდში შედგება.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის ლიდერების პირველი შეხვედრა 2018 წლის 12 ივნისს სინგაპურში გაიმართა. მეორე სამიტის ჩატარების სავარაუდო ადგილად ვიეტნამი სახელდება.