logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, ცილისწამების შესახებ კანონთან დაკავშირებით დისკუსიაში ჩაერთოს
- +

11 იანვარი. 2019. 18:18

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, ცილისწამების შესახებ კანონთან დაკავშირებით დისკუსიაში ჩაერთოს.

 

„კიდევ ერთი თემა, რომელიც მე ვახსენე ჩემი საახალწლო მოლოცვის დროს, ეს არის ცილისწამების შესახებ კანონი. როგორც იცით, პრეზიდენტს არ გააჩნია ახალი კონსტიტუციით საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჰქონდეს მოსაზრება, ჰქონდეს მორალური ინიციატივა, რომელიმე თემა აწიოს და ამ თემაზე მიმართოს კანონმდებელს, მთავრობასა და საზოგადოებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისი თქმით, ამ საკითხმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

 

„ეს არის ისეთი თემა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, რომელმაც ძალიან დიდი ვნებათაღელვა წამოიწყო საზოგადოებაში. საჭირო არის ამის დაწყნარება. ამავე დროს, აუცილებელია, რომ დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და ხშირად, ეს ორი პრინციპი მოდის დაპირისპირებაში, მაგრამ არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ეს საკითხი გადაწყვიტეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

სალომე ზურაბიშვილმა ამის მაგალითად საფრანგეთი დაასახელა.

 

„ბოლო ამისი მაგალითი იყო საფრანგეთი, რომელმაც არათუ მიიღო ასეთი კანონი ცილისწამების წინააღმდეგ, კერძოდ, საარჩევნო პერიოდში, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომაც დაამტკიცა, რომ ეს არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც სიტყვის თავისუფლებასთან და არც  ადამიანის მთავარ უფლებებთან, რომელიც ასახული არის ადამიანთა უფლებების დეკლარაციაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისი თქმით, რამე სახის მზა ტექსტი არ არსებობს, ამ კუთხით მუშაობაა საჭირო და საკითხი ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს.

 

„ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ არ გვაქვს რამე მზა ტექსტი. ცხადია, ეს უნდა იყოს ფართო დისკუსიის საგანი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, რომ იგივე საზოგადოებასთან, არასამთავრობოებთან ჰქონდეს დისკუსიები და ეს გამოვიყენოთ სწორედ  შემდეგ დისკუსიებში საკანონმდებლო ორგანოსთან, როცა ამ საკითხზე განხილვა იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner