„ბავშვთა სამყაროს“ დაწვიდან ორი წლის შემდეგ, მისი დამფუძნებელი გიორგი მაჭავარიანი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მთავარი პროკურატურის მხრიდან გამოძიების დასრულების შემდგომ, სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები თბილისს განახლებულ „ბავშვთა სამყაროს“ დაუბრუნებენ. ბიზნესმენის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან საგამოძიებო პროცესები ორი წლის განმავლობაში გრძელდება, თუმცა დამნაშავეების ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია. სწორედ ამიტომ, ბიზნესმენს გამოძიების იმედი უკვე აღარ აქვს.
რაც შეეხება ტერიტორიაზე ადგილობრივი, ან უცხოელი ინვესტორის შემოყვანას გიორგი მაჭავარიანის თქმით, ადგილმდებარეობის დასაკუთრებაზე ამ დრომდე ინტერესი არავის გამოუთქვამს, ამიტომ ბავშვთა სამყაროს აქციონერები თავად ააშენებენ.
„აქციონერები უკვე ორი წელია გამოძიების დასრულებას ველდოებით. ჯერ გამოძიების დასრულება არ ხდება, ზუსტი მიზეზები არ ვიცი. დამნაშავეების ვინაობის დადგენის შემდგომ პროცესებიც დაიძვრება. მე მოქმედებას კვლავ გავაგრძელებ და „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები ხელახლა ავაშენებთ ახალ ბავშვთა სამყაროს.
დღეს გაკოტრებულები და დაზარალებულები ვართ, რადგან ამ ეტაპზე არანაირი ფულადი რესურსი არ გაგვაჩნია, თუმცა იმედია სამართლიანობა აღდგება.
როდესაც დასრულდება გამოძიება და პროექტის დამტკიცების უფლება მოგვეცემა და კვლავ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ სახელწოდებით ავაშენებთ,“ - განუცხადა „კომერსანტს“ გიორგი მაჭავარიანმა.
დამნაშავეების ვინაობასთან დაკავშირებით ბიზნესმენს საკუთარი ვარაუდი აქვს. მისი აზრით, სავაჭრო ცენტრის პოლიტიკური მიზნებისთვის დაწვეს. გიორგი მაჭავარიანი ოპოზიციას კერძოდ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. მისივე ვარაუდით, პარტიამ დაზარალებული საზოგადოება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა.
„ის მოვაჭრეები ვინც „ბავშვთა სამყაროში“ ბიზნესს აწარმოებდა, ამჟამად სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებზე დადიან და სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. ამ ადამიანებს ოპოზიცია იყენებს,“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.
დაზარალებულების ადვოკატის მარიკა არევაძის განცხადებით, სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვა არ ნიშნავს, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულები არიან და ეს დაზარალებულების დისკრედიტაციის მცდელობაა. ეს ყველაფერი კი სავარაუდოდ ხდება იმიტომ, რომ სავაჭრო ცენტრს სურს თავი აარიდოს დაზარალებულების წინაშე პასუხისმგებლობას და არ აუნაზღაუროს მათ ზიანი.
„დაზარალებულებს დღემდე აქვთ მოთხოვნა ხელისუფლებასთან, რის გამოც სხვადასხვა კანონიერი ფორმით პროტესტს გამოხატავენ. ისინი ითხოვენ დროულ და ეფექტურ გამოძიებას.
გარდა ამისა, თუ რომელიმე დაზარალებული ასევე მოქმედებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების - აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და პროტესტს გამოხატავს სხვა საკითხზეც - ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაზარალებულები მართულნი არიან რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ. როგორც ვხედავთ ადგილი აქვს დაზარალებულების დისკრედიტაციის მცდელობას, რაც ყოვლად მიუღებელია,“ - განაცხადა მარიკა არევაძემ.
ადვოკატი საქმეში „ბავშვთა სამყაროს“ დამფუძნებლის და მერიის ბრალეულობაზეც საუბრობს.
„გამოძიების შედეგად გამოვლენილია, რომ ბავშვთა სამყაროს სავაჭრო ცენტრში არ იყო ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები დაცული, რის გამოც აქვს წაყენებული ბრალი სავაჭრო ცენტრის დირექტორს და საქმის განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში. იმ შემთხვევაში თუ სავაჭრო ცენტრის დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს ბრალი დაუმტკიცდება ჩვენ უკვე წავალთ სამოქალაქო წესით, ზიანის ანაზღაურების მიზნით.
ასევე, მოცემულ საქმეზე ჩვენ გვაქვს დავა თბილისის მერიასა და საკრებულოსთან, რომელიც სრულად მოვიგეთ პირველ ინსტანციაში; დაზარალებულებისათვის აზრის გამოხატვის თავისუფლების დარღვევის გამო კი იძულებულნი გავხდით მიგვემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. ველოდებით სახალხო დამცველის დასკვნას და რაც მთავარია სასამართლოს. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, ასევე რომ მიწა, სადაც იყო შენობა განთავსებული ამჟამად დაყადაღებულია,“ - აღნიშნა არევაძემ.
„ბავშვთა სამყაროს“ დამფუძნებელი საუბრის ბოლოს სახელმწიფოს მიმართავს და ბიზნესის მეტი ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.
„ჩვენი ბიზნესი სახელმწიფოსთვის მომგებიანი იყო, რადგან წელიწადში კომპანიის მხრიდან ბიუჯეტში მილიონი ლარი შედიოდა. „ბავშვთა სამაყროს“ დაწვამ სახელმწიფოსაც მოუტანა ზარალი. სახელმწიფომ ქვეყანაში ბიზნესს ხელი უნდა შეუწყოს. სწორედ სახელმწიფომ სამართლის აღდგენით უნდა მოგვცეს საშუალება და ბავშვთა სამყარო ხელახლა შევქმნათ.
შეგახსენებთ, 2017 წელს სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა. ამ საქმეზე ორი წელია მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოკითხული 849 პირიდან დაზარალებულად ცნობილია 695 მათგანი. თუმცა, ხანძრისგამომწვევი მიზეზი კვლავ უცნობია.