logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: საქართველო NATO-ს უნიკალური პარტნიორია და ჩვენი პარტნიორობა უფრო მჭიდრო ხდება
- +

23 იანვარი. 2019. 21:37

 

 

„საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

სტოლტენბერგმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ავღანეთში NATO-ს მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია.

 

„გილოცავთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა ალიანსის შტაბბინაში. საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. საქართველო ავღანეთში ჩვენი მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. მარტში გაიმართება NATO-საქართველოს წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს NATO-ს 17 მოკავშირე. ეს ყველაფერი დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველო ალიანსის უნიკალური პარტნიორია და ჩვენი პარტნიორობა უფრო და უფრო მჭიდრო ხდება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

ალიანსის გენერალური მდივნის შეფასებით, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი და ერთობლივი ცენტრი საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს.

 

„დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოს NATO-ს მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად. NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, ჩვენი ერთობლივი ცენტრი აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. მივესალმებით პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს რეფორმების გატარების კუთხით. განსაკუთრებით აღვნიშნავ უსაფრთხოებისა და თავდაცვის უფრო ეფექტიან ინსტიტუტებს, შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას. მოგიწოდებთ ამ გზის გაგრძელებისკენ. NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც მოიცავს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

მისი თქმით, NATO მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს აღნიშნული რეგიონების აღიარება და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ორივე რეგიონიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner