logo_geo
eng_logo
„ფარსადანოვიჩი“ ანუ დიდი ნოდარი
- +

23 მაისი. 2016. 15:31



კიდევ ერთი 13 მაისი წაიღო ისტორიამ. ამ დღის შესახებ არასდროს დამიწერია. არც მიცდია. ალბათ უფრო იმიტომ რომ, არასდროს მიზიდავდა ზედმეტი პათეტიკა, პოპულიზმი, ბრტყელ­ბრტყელი სიტყვები. რამდენიმე დღეა ვფიქრობ, პასუხს ვეძებ კითხვაზე, რომელზეც პასუხი ყველა გულშემატკივრისთვის სხვადასხვაა.



ვინ იყო ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი? ზედაპირულად ამ კითხვას პასუხს ვერავინ გასცემს. გამორიცხვის მეთოდი ამ შემთხვევაში არ ჭრის. პასუხამდე ჩემდა უნებურად ერთმა ფაქტმა მიმიყვანა. რამდენიმე წლის წინ დათო კოვზირიძესთან ვიყავი გადაცემაში „მძიმე კაცთან".



კოვზირამ ასეთი შეკითხვა დამისვა­ვის ძეგლს დადგამდი თბილისში. პასუხი თითქმის დაუფიქრებლად გავეცი­დიდი ნოდარ ახალკაცის. ჩემს შეკითხვაზე პასუხიც ეს არის. გამარჯვების მთავარი შემოქმედი, როგორც მას მოიხსენიებდნენ­ფარსადანოვიჩი იყო. ამ სრულიად უნიკალურ ადამიანთან ჩემი პირველი კონტაქტი 90­იანების დასაწყისში შედგა. მასთან ინტერვიუ ჩემთვის ერთ­ერთი პირველი დავალება იყო. იმ პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და პირველ რიგში ნოდარ ახალკაცის ინიციატივით საქართველოს რადიოში ე.წ. საფეხბურთო გადაძახილი დაინერგა.



რადიო რეპორტაჟები ერთდროულად რამდენიმე ქალაქიდან ეწყობოდა და თითოეულ თამაშსს დაახლოებით თანაბარი დრო ეძლეოდა. სწორედ ამ ინოვაციასთან და რა თქმა უნდა ქართული ფეხბურთის მაშინდელ რეალობასთან დაკავშირებით, უნდა დამესვა შეკითხვები.



ინტერვიუსთვის რამდენიმე დღე ვემზადებოდი. გაგონილი მქონდა რომ, ჟურნალისტების ამ ადამიანთან მოუმზადებელი შეხვედრა, როგორც წესი მედიის წარმომადგენლების კრახით სრულდებოდა. ინტერვიუმ ჩემდა სასიხარულოდ ნორმალურად ჩაიარა. ბ­ნ ნოდარმა ამომწურავად და ძალიან არგუმენტირებულად მიპასუხა ყველაფერზე. მე სხვა რამემ გამაოგნა. სფფ­ს ძველი შენობა ვისაც ახსოვს, ის დამერწმუნება რომ მისი ფასადით წარმოდგენა იმისი რომ ამ შენობაში იქნებოდა ყოველ მხრივ მოწესრიგებული და სუფთა ოთახი, ძალიან ძნელი იყო.



ნოდარ ახალკაცის კაბინეტი ზუსტად ასეთი იყო. ამ ოთახში ყველა ნივთი ზუსტად იქ იდო სადაც უნდა ყოფილიყო. წარმოუდგენელი იყო ამ სიმეტრიის დარღვევა და იგი არასდროს დარღვეულა. ეს ოთახი დიდი ნოდარის განსახიერება იყო. ზუსტად ისეთივე მოწესრიგებული როგორიც თავად მაშინდელი პრეზიდენტი.



მაშინ დავრწმუნდი, რომ ისტორია, რომელიც სხვა და სხვა ადამიანებისგან მესმოდა და რომლის მთავარი აზრიც ბ­ნ ნოდარის მოწესრიგებულობა და მისი ფენომენალური მახსოვრობა იყო, რეალობას შეესაბამებოდა.



ამბობდნენ, რომ ამ ადამიანმა გასვლითი თამაშების დროს ყოველთვის ზეპირად იცოდა, რომელი ფეხბურთელი სასტუმროს რომელ ნომერში ცხოვრობდა. იგი ფილიგრანული სიზუსტით ითხოვდა მისი დავალებების შესრულებას და მისთვის არ არსებობდნენ ავტორიტეტები, რადგანაც სრულიად სამართლიანად მიაჩნდა რომ ყველაზე დიდი ავტორიტეტი თვითონ იყო. ამავე დროს იგი ახალგაზრდა ფეხბურთელების მისამართით როდესაც საჭირო იყო, რბილი და მზრუნველობით გამორჩეულიც გახლდათ.



იმ პერიოდის „დინამოში" მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები თამაშობდნენ. მაშინდელ ახალგაზრდათაგან ერთ­ერთი, ჩემი, ნოდარ ახალკაცთან ინტერვიუდან ათეული წლების შემდეგ იხსენებდა, როგორი მამობრივი მზრუნველობა გამოიჩინა ფარსადანოვიჩმა მისი მისამართით, როდესაც ეს ფეხბურთელი ბაზაზე პირველად მივიდა.



მოულოდნელად სადილიდან რამდენიმე საათში, საღამოს ვარჯიშამდე, ოთახში გუნდის ადმინისტრატორი მესტუმრა, რომელსაც ხელში სხვა და სხვა ხილით სავსე თასი ეკავა. ადმინისტრატორმა ფარსადანოვიჩის ნათქვამიც გადმომცა, ნაწილი ვარჯიშამდე ხოლო მეორე ნაწილი კი ვარჯიშის მერე უნდა შემეჭამა. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მივხვდი, რომ მსგავსი ყურადღება მხოლოდ მე მერგო".

 

 


ზემოთ ავტორიტეტების არარსებობა ვახსენე. ისევ ფეხბურთელთა მონაყოლიდან: „მას შემდეგ რაც მიუნხენის „ბაიერნი" მადრიდის ოთხთა ტურნირზე მოედნიდან გაგვექცა და თამაში ჩაშალა, ფარსადანოვიჩმა ჩვენც გასახდელში შეგვიყვანა. უკვე ვხვდებოდით რომ სკანდალს ვერ ავცდებოდით. თითქმის ჩვენთან ერთად გასახდელში ორი უცნობი პიროვნება შემოვიდა.



ვინ იყვნენ ეს მამაკაცები, ადვილი მისახვედრი იყო. მაშინდელი „კგბ" თვალს არც იქამდე გვაშორებდა და ბუნებრივია მოედნიდან ჩვენი გასვლა მათი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. რა თქმა უნდა, მათ საქმე ფარსადანოვიჩთან ჰქონდათ, მაგრამ ეს უკანასკნელი ისე იქცეოდა თითქოს ეს ორი ადამიანი საერთოდ არ არსებობდა. ბოლოს წყვილს მოთმინების ფიალა ამოეწურა და ნოდარს დალაპარაკება გაუბედეს. ფარსადანოვიჩმა მათ მოუსმინა და პასუხად გასახდელის სასწრაფოდ დატოვება უბრძანა".



ჩემი და ბატონი ნოდარის უკანასკნელი შეხვედრა 1997 წლის მიწურულს შედგა. ტელევიზიაში ლიფტი მხოლოდ რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. იმ პერიოდში, შენობაში გადაადგილების ეს ელემენტარული საშუალება გაუქმებული იყო. სპორტული რედაქციის ოთახი კი მეოთხე სართულზე იმყოფებოდა. ოთხ სართულზე კიბეებით სიარული ბატონ ნოდარს ძალიან გაუჭირდებოდა. ჩაწერამდე არსებული დრო სადმე უნდა გაგვეტარებინა. ყველაზე კარგი არჩევანი ის სტუდია იყო, სადაც ჩაწერა უნდა მომხდარიყო.



სანამ პროდიუსერები ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებდნენ, გაჩნდა უნიკალური საშუალება არა ინტერვიუს ფორმატში დავლაპარაკებოდი ადამიანს, რომელიც იმ მომენტში ქართული ფეხბურთის განსახიერება იყო.



სიტყვაძუნწმა ბატონმა ნოდარმა, ისევე როგორც ინტერვიუს დროს ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა, მაგრამ იყო განსხვავებაც: ჩემთვის ნოდარ ახალკაცს თითქოს რაღაც აკლდა და ეს რაღაც იყო გრძნობა მისი უძლეველობისა. დაახლოებით თვენახევარში დიდი ნოდარ ახალკაცი გარდაიცვალა...





სანდრო ცნობილაძის ბლოგი



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner