„ბერტელსმანის ფონდის“ მიერ ორგანიზებული კვლევა აჩვენებს, რომ გერმანიას ევროკავშირის გარედან, წლიურად დაახლოებით 146 ათასი შრომისუნარიანი ემიგრანტი დასჭირდება იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე არსებული მოთხოვნები სრულად შეავსოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ქვეყნის მოსახლეობა ბერდება და საკუთარი რესურსით, სამუშაო ადგილებზე არსებულ მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს.
„Deutsche welle“-ს ცნობით, კვლევა აჩვენებს, რომ 2060 წლამდე გერმანიას ვაკანტური სამუშაო ადგილების შესავსებად, წლიურად 260 ათასი იმიგრანტი დასჭირდება. აქედან არა-ევროკავშირის ქვეყნებიდან, მიგრანტების რიცხვი 146 ათასს უნდა აღწევდეს. ამავე კვლევის შესაბამისად, ემიგრაციის გარეშე, გერმანიის შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხვი 2060 წლისთვის დაახლოებით, მესამედით - 16 მილიონი ადამიანით შემცირდება.