logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ
- +

19 მარტი. 2019. 12:16

 

„სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის ინიციატივაზე ძალიან ბევრი უსაფუძვლო თავდასხმა იყო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

თალაკვაძის თქმით, საინტერესოა, ჰქონდათ თუ არა ინიციატივა წაკითხული ადამიანებს, რომლებიც კანონპროექტს აკრიტიკებდნენ.

 

„საინტერესოა, ადამიანებს, ვინც ასე ხელაღებით აკრიტიკებდნენ ირაკლი სესიაშვილს, ჰქონდათ თუ არა მისი ინიციატივა წაკითხული, ვინაიდან მასში ყველა კონფესიის მიმართ თანაბარი მიდგომაა. მის კანონპროექტში კონკრეტულად არანაირი გამონაკლისები არ არის დაშვებული. თუმცა, ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მსჯელობა გვქონდა და არსებითად გავითვალისწინებთ ყველა საკითხსა და მოსაზრებებს, რომელიც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჟღერდა“,  - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

თალაკვაძე ასევე აღნიშნავს, რომ  ამ საკითხში გადაწყვეტილების მიღება სასწრაფო არ არის.

 

„გაწვევასთან დაკავშირებით კარგად შეჯერებულ, პასუხისმგებლიან და სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ. აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ატარებს. უახლოეს მომავალში ველით, რომ ახალწვეულთათვის თანამედროვე, მიმზიდველი და საინტერესო საბაზისო მომზადების პროგრამა იქნება და ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენს ქვეყანაში აღარ იქნება საკითხი ის, ახალგაზრდებს უნდათ თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ინიციატივით გამოდის, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზეა გათვალისწინებული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner