„რეცეპტი არ არსებობს, რომ NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით რაღაც ამოცანას დავისახავთ, შევასრულებთ და მეორე დღეს NATO-ს წევრი გავხდებით“, - ამის შესახებ საქართველოს „პირველ არხს“ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
სესიაშვილის თქმით, NATO-ში ინტეგრაციის რეცეპტი რომ არსებობდეს, ნებისმიერი ადამიანი იმ რესურსს გაიღებს, რაც ამისთვის საჭიროა.
„ეს არის პროცესი, რომელიც დამოკიდებულია NATO-ს წევრი ქვეყნების კონსენსუსზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რეფორმებზე, NATO-სთან თავდაცვის ძალების თავსებადობასა და საერთაშორისო პოლიტიკურ მოცემულობაზე. NATO-ს წევრობისთვის დღესაც მზად ვართ, თუმცა, ეს პოლიტიკური საკითხია, რაც ყველამ ერთად უნდა მიიღოს.
ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს სკეპტიკოსი ქვეყნები ჰყავს. ვისაც სკეპტიკოსს ვუწოდებთ, ის ქვეყნები პრაქტიკულ ნაწილშიც ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერები არიან. ყველა ქვეყანა ეროვნულ ინტერესებს ეყრდნობა, NATO ერთი დიდი ოჯახია და გვინდა, NATO-ს შევუერთდეთ. არც თუ შორსაა დღე, როდესაც NATO-ს შევუერთდებით. რაც შეეხება რეფორმებს, ეს ცოცხალი და ჯანსაღი პროცესია. როცა NATO-სთან მიმართებაში ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას ვამზადებთ, იმ რეფორმების ინიციატორები თავად ვართ, რასაც სახელმწიფო საკუთარი ხალხისთვის გეგმავს. ისეთი შემთხვევებიცაა, როცა NATO-ს უკვირს, ეს გეგმა თუ რამდენად დატვირთულია. ამ შემთხვევაში, NATO-ს მხრიდან არანაირი პირდაპირი მოთხოვნა არ არსებობს. ჩვენი სახელმწიფოს სურვილია, რომ მალე განვვითარდეთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.